უძველესი ისტორია

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს ვახტანგ I გორგასალს, ერთ-ერთი ვარიანტით, ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან. ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ - „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან ქალაქი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა თბილისი, რისთვისაც იგი ქალაქის დამაარსებლად არის მიჩნეული. სინამდვილეში კი მეფე ვახტანგ გორგასალი (449-502) არა მისი დამაარსებელი, არამედ ქალაქის ამაღორძინებელი და აღმაშენებელი იყო.

ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნავე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით - თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი - წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა კიდევ უფრო გაზარდეს მისი მნიშვნელობა და მისადმი ინტერესი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.


უცხოელთა გავლენა

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მდგრადობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს დედაქალაქის ბედთან. 570-580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. 627 წელს თბილისს ალყა შემოარტყა ბიზანტიელი იმპერატორის ჰერაკლე კეისრისა და ხაზარების გაერთიანებულმა ლაშქარმა. ქალაქი ვერ აიღეს. ჰერაკლემ მიატოვა თბილისი და შუამდინარეთისკენ დაიძრა. 628 წელს ხაზარები კვლავ მოადგნენ თბილისს ყიბღუ-ხაკანის მეთაურობით, აიღეს ქალაქი და სასტიკად ააოხრეს იგი. 735-737 წლებში - არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ) დაიპყრო. ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება. 764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს. 853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა. 1037-1051 წლებში მეფე ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამყარი პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა - უხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა.


გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი და საქართველოს ოქროს ხანა - ქართული რენესანსი

1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125). გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი ამიერიდან თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XII-XIII საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მისი მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, შეიქმნა ამქრული გაერთიანებები, ვაჭართა საკრედიტო კომპანიები - ორთაღები, ჩამოყალიბდა მოსახლეობის განსაკუთრებული სოციალური კატეგორია - მოქალაქეები. კიდევ უფრო გაიზარდა ქალაქის ფარგლები; ვარაუდობენ, რომ მასში შედიოდა ქაშვეთის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. მის კედლებს გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეუბანი იყო დიდუბე. გაიზარდა ქალაქი მტკვრის მარცხენა მხარესაც; ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე. ამ ეპოქის თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას. ამ პერიოდს საქართველოს ისტორიაში "ოქროს ხანას" ან "ქართული რენესანსის" პერიოდს უწოდებენ.

თამარის მეფობის (1184-1213) პირველსავე წლებში თბილისის მოსახლეობის ზედაფენებში თავი იჩინა უფლებათა გაფართოებისაკენ მისწრაფებამ. ამ მიზნით მათ მოითხოვეს ახალი სამეფო საბჭოს (დარბაზის) ე. წ. „კარავის“ დაწესება.


დამპყრობელთა შემოსევები

1226 წელს თბილისი ჯალალედინის სარდლობით ხვარაზმელებმა დალაშქრეს; ქალაქი სასტიკად აოხრდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. XIII საუკუნის 40-იან წლებში მონღოლებმა ქალაქი აიღეს. მათ არ მოშალეს ქართული სახელმწიფოებრიობა. საქართველო მონღოლებზე დამოკიდებული ქვეყანა ხდებოდა, თბილისი კვლავ ქვეყნის ცენტრი იყო. 1259 წელს თბილისელები მეფე დავით VI ნარინის მეთაურობით აუჯანყდნენ მონღოლებს. 1260 წელს აჯანყდა მეფე დავით VII ულუ. ორივე აჯანყება გაჭირვებით ჩააქრეს. XIV საუკუნის 20-იანი წლებიდან - მონღოლთა ბატონობის გადაგდების შემდეგ, თბილისი კვლავ სრულიად საქართველოს დედაქალაქია.

1366 წელს თბილისში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა.

1386 წელს თბილისი აიღო თემურლენგმა. საქართველოში მან 8-ჯერ ილაშქრა, აქედან 2-ჯერ დაარბია იგი. ამ ლაშქრობების შემდეგ თბილისის საერთაშორისო მნიშვნელობა საგრძნობლად დაეცა. ალექსანდრე I დიდის მეფობის წლებში (1412-1242) დაიწყო ქალაქის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მიიყვანა გეგმა. გარეშე დამპყრობთა გამუდმებულმა თავდასხმებმა მოშალა ქალაქის ეკონომიკური ცხოვრება, პარტახდებოდა ქალაქის ცალკეული უბნები. 1444 წელს ქალაქი აიღო და დაარბია ქ. თავრიზის (ირანი) მფლობელმა ჯაჰან-შაჰმა; ამავე საუკუნის 70-იან წლებში თბილისი კვლავ სპარსელების ხელში იყო (უზუნ-ჰასანის ლაშქრობა საქართველოში).

1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1522 წელს თბილისი სპარსელებმა აიღეს. 1524 წელს იგი მეფე დავით X-მ გაათავისუფლა. 1524-1541 წლებში ქალაქი მშვიდობიანად ვითარდებოდა. შეკეთდა ძველი და აშენდა ახალი შენობები, იმატა მოსახლეობამ, გამოცოცხლდა ვაჭრობა და ხელოსნობა. 1541 წელს ქალაქი ააოხრა ირანის შაჰმა - თამაზ I-მა. 1578 წელს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალთა გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთი ამიერკავკასია ოსმალთა გავლენას დაემორჩილა. თბილისი ახალი მტრის ხელში აღმოჩნდა. ქართლის მეფის სიმონ I-ის ცდა, გაეთავისუფლებიენა ქალაქი ჯერ სპარსი, შემდეგ ოსმალო დამპყრობთაგან, უშედეგო იყო. 1609 წელს თბილისის მოურავი გახდა გიორგი სააკაძე. XVII საუკუნის I მეოთხედში ირანის გამუდმებული აგრესიის პირობებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაინგრა.

1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. გამოცოცხლდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ხელისუფლება გარკვეულ თანხებს გამოყოფდა ქალაქის კეთილმოწყობისათვის. 1700 წლისთვის თბილისში 20 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მცხოვრებთა ზედაფენას ქმნიდა ფეოდალური არისტოკრატია, მსხვილი ვაჭრები და სოვდაგრები, შემდეგ მოდიოდა ე. წ. მოქალაქეთა კატეგორია. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ნასყიდი, შეწირული და ნებიერი ყმები, ხიზნები და ქალაქის გლახაკნი. თბილისის უმაღლესი ხელისუფალნი იყვნენ მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მელიქ-მამასახლისი. თბილისის ყოფა-ცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული ე. წ. ქალაქური კოლორიტი - ჩაცმულობით, გასართობ-სანახაობებით (ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). ქალაქის ცხოვრებას თავისებურ იერს მატებდა თბილისის ბაზრები და გოგირდოვანი წყლების აბანოები. გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის თავშეყრის და ახალი ამბების ურთიერთგაზიარების ადგილებს. დაარსდა სტამბა (1709), სადაც პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“.

1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, 1735 წელს კი ირანის შაჰმა ნადირმა აიღო. 1748 წელს იგი ერეკლე II-მ გაათავისუფლა. 1755 წელს ქალაქში დაარსდა ფილოსოფიის სემინარია. 1762 წელს თბილისი გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში იყო თოფხანა, ზარაფხანა, ქსოვილის სამღებროები, მარილის გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები. XVIII საუკუნის ბოლოს ჩნდება მანუფაქტურული საწარმოებიც. მაგრამ ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავ გაბატონებული იყო წვრილი ხელოსნური მეურნეობა. 1795 წელს თბილისი აიღეს და დაარბიეს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა (კრწანისის ბრძოლა).


რუსეთის გავლენა

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლადწარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა, აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდან თბილისი კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. 1841 წლიდან ის ჯერ საქართველო-იმერეთის გუბერნიის, ხოლო 1846 წლიდან თბილისის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრია. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილისი-ფოთის (1872), თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა - „საქართველოს გაზეთი“, 1828 წლიდან - „თბილისის უწყებანი“ (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი.


დამოუკიდებლობა (1918—1921)

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი იყო, რომელმაც 1918 წლის გაზაფხულზე ამიერკავკასიის ფედერაცია დააარსა დედაქალაქით თბილისში. სწორედ აქ, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, 1918 წლის 26-28 მაისს გამოცხადდა სამი ამიერკავკასიის ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - დამოუკიდებლობა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. მას შემდეგ თბილისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა 1921 წლის 25 თებერვლამდე. 1918-1919 წწ. აქ ერთმანეთს ჩაენაცვლა გერმანიისა და ბრიტანეთის სამხედრო შტატები.

ეროვნული მთავრობის მმართველობისას თბილისი პირველი კავკასიური საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ - ახდა ქართველთა ოცნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი იყო იმპერიული რუსეთის მმართველობის პერიოდში.

მაგრამ 1921 წლის 25 თებერვალს ქალაქის შემოგარენში მწვავე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკების წითელი არმიის მე-11 ქვედანაყოფი თბილისში შემოიჭრა და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა.


გასაბჭოება

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა დაამხეს და 1991 წლამდე თბილისი ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რომელიც მოიცავდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს), შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქმა ინდუსტრიალიზაცია განიცადა და საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცენტრი გახდა. 1980 წელს ქალაქში საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი ჩატარდა.

თბილისი მოწმე გახდა მასიური ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების 1956 (ხრუშჩოვის ანტისტალინისტური პოლიტიკის გამო), 1978 და 1989 წლებში, რომლებიც პირველ და ბოლო შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლით ჩაახშო.


სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

1990 წელის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ხელში.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

ასე რომ, თბილისმა ღირსეულად გაუძლო საუკუნეების ქარტეხილებს და დღესაც საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ, სოციალურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. 




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016