ეკოლოგიური მრავალფეროვნება

საქართველო ევროპაში ეკოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა. აქ 12 სხვადასხვა კლიმატური ზონა და 49 ტიპის ნიადაგია.

დედამიწაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 ”ცხელ წერტილს” გამოყოფენ, რომლთა შორისაა საქართველოც. იგი იმ 200 ეკორეგიონს შორისაა მოქცეული, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: ენდემიზმის დონე, ევოლუციური პროცესები, სახეობრივი მრავალფეროვნება, ტაქსონომიური უნიკალურობა, ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, ევოლუციური პროცესები, ბიომების იშვიათობა და მცენარეული ტიპების მრავალფეროვნება.

მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის მქონე რეგიონში ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი - უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე და ოთხი ინტრაზონალური ტიპი - კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ამგვარი სწრაფი ცვლა მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ შეინიშნება.

საქართველოში არსებობს 500-ზე მეტი მინერალური წყალი, როგორებიცაა: ბორჯომი, ბახმარო, საირმე, ნაბეღლავი, ზვარე, ჯავალი და სხვა.

მსოფლიოს 4000 სახეობის რეგისტირებულ ღვინოთა შორის 500-ზე მეტი სახეობა არის ქართული.

ქვეყანაში არის 4000-დან 4500-მდე ნაირსახეობის სისხლძარღვიანი მცენარეები, რომელთა შორის დაახლოებით 15% არის მხოლოდ კავკასიური ჯიშის. მათგან 300 სახეობა მხოლოდ ქართულია. აქვე ხარობს პიონის 10 სახეობა და 11 თეთრყვავილას ჯიში.

საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 360, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა, რომელთაგანაც ბევრი ენდემურია.

ქართული მეცხვარე ძაღლი, რომელსაც XIX საუკუნეში რუსებმა კავკასიური ნაგაზი უწოდეს, მსოფლიოში საუკეთესოა მცველი ჯიშის ძაღლებს შორის.

ფრინველებზე დაკვირვებისთვის საქართველო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სამოთხეა. აქ ბინადრობს 360 ფრინველის სახეობა, 4 სვავისა და 11 არწივის. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 სახეობა სხვაგან არ ბინადრობს.

საქართველოში დღემდე ტყით დაფარულია 2,7 მილიონი ჰექტარი მიწა (38,6% საქართველოს ტერიტორია), საიდანაც მხოლოდ 59,500 ჰექტარი არის ხელოვნურად გაშენებული და ბუნებრივი ტყეებიდან 6% არის ხელშეუხებელი.


საქართველოს დაცული ტერიტორიები

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8.62%-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.

2014 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016