სუფრა ქართული ყოფითი და, შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. როდის ჩაისახა იგი, ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის რომელ ეპოქაში, არავის უკვლევია. მთავარი ის არის, დღესდღეობით ეს ტრადიცია არსებობს და, მიუხედავად მრავალი მატერიალური გასაჭირისა, სიდუხჭირისა, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელ ხანს გამოიარა, იგი განაგრძობს არსებობას და თითქოს მას გადაშენება არ უნდა ემუქრებოდეს. სიღარიბემ, ხელმოკლეობამ ქართული სუფრა შეიძლება შეზღუდოს, მაგრამ მის არსს ვერ შეცვლის. იგი ყოველთვის ინარჩუნებს თავის საზრისს.

მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი შინაარსობრივი დატვირთვა. ქართველი კაცი უფლის ხსენების გარეშე პურს არ გატეხდა. ის უფალთან ერთობას მარტო ეკლესიაში წირვის დროს არ ცდილობდა. უფლისკენ სწრაფვა მისი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. შესაბამისად, ქართული სუფრაც, ტრაპეზიც უფლის წინაშე დგომის, პურ-ღვინო - ზიარების, სადღეგრძელო - ლოცვის, სიმღერა კი - გალობის სიმბოლური გამოხატულება იყო. სუფრაზე სადღეგრძელოების თანმიმდევრობაც ღვთისმსახურებისას ლოცვის რიგს მიჰყვება - უფლის დიდებით დაწყებული, ღვთისმშობლისადმი შეწევნის თხოვნით დამთავრებული. სუფრის თამადა - ტრადიციულად სუფრის უხუცესი მამაკაცი, სიმბოლურად მოძღვარს განასახიერებს. ასე რომ, ქართული სუფრა არ არის მხოლოდ გასართობი დროსტარება, ის ლოცვა და უფალთან ზიარებაა.      

ქუთაისთან ახლოს, ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია თამადის ბრინჯაოს ქანდაკება ყანწით ხელში, რომელიც თარიღდება ძვ. წ. VII საუკუნით. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი). ასე რომ, ქართული სუფრის, თამადობის ტრადიციას ათასწლეულების ისტორია აქვს.




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016