აბრეშუმის დიდი გზა

საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით მუდამ წარმოადგენდა ხიდს დასავლეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ასეთი მდებარეობა ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებდა მას დაეკავებინა მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის პროცესში.

ისტორიული აბრეშუმის დიდი გზა - ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. მე-19 ს-ის გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა მეტად ლამაზად მონათლა ეს გზა და მას “აბრეშუმის გზა” უწოდა.

ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფაზისიდან შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპიროებისაკენ მიემართებოდა.

ეს გზა ისტორიულად არსებული სახმელეთო, საზღვაო და სამდინარო საერთაშორისო სავაჭრო გზათა სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო. კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროებზე სავაჭრო მარშრუტები ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII-VII სს. დაარსდა, VI-IV სს. ბერძნული ნაწარმი მოედინებოდა მტკვრის და რიონი-ყვირილას მთელ მაგისტრალზე.

სავაჭრო-სატრანსპორტო მაგისტრალებით ამიერკავკასიასა და საქართველოში ბიზანტიასა და ირანს შემოჰქონდათ აბრეშუმის ქსოვილები, ხალიჩები, საფეიქრო ნაწარმი და ა.შ.

აბრეშუმის დიდი გზით ჩინეთიდან უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მომხმარებლები ძირითადად რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისთვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. XII-XIV სს. მონღოლებისა და თემურ ლენგის ლაშქრობებმა მოშალეს ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკა. შემდეგ 1453 წ. ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ ამიერკავკასია დიდი ხნით მოსწყვიტა დასავლეთის სამყაროს. მუსლიმანთა და ქრისტიანთა ბრძოლამ ხელსაყრელი სავაჭრო და ეკონომიკური პირობები შექმნა ებრაელ ვაჭართათვის. მათ დაიკავეს მთელი ბანკები ევროპაში და დაიპყრეს აზიური ბაზარიც. აბრეშუმის გზის საზღვაო მაგისტრალის გახსნის შემდეგ XV-XVI სს. აბრეშუმის საქარავნო-სავაჭრო გზამ მნიშვნელობა დაკარგა, იგი დაკნინდა, გზის გასწვრივ მდებარე ქალაქები თანდათანობით დაცარიელდა, ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა. XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით, აბრეშუმის დიდმა გზამ არსებობა შეწყვიტა.

აბრეშუმის გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და ა.შ., შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა (ბუდიზმი, მანიქეველობა, იუდაიზმი, ისლამი, ნესტორიანელობა). 

 

ახალი „აბრეშუმის გზა“

საქართველო დღესაც მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს თანამედროვე ეკონომიკურ სივრცეში დასავლეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის და აქტიურ მონაწილეობას იღებს რეგიონული პროექტების სრულყოფასა და განხორციელებაში.

ამის დასტურია ის, რომ განხორციელდა “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის პროგრამა”, ასევე საფუძველი ჩაეყარა ტრანსკავკასიური ნავთობსადენის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა” და “ბაქო-თბილისი-არზრუმის” გაზსადენის ამოქმედებას.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას საერთაშორისო ვაჭრობაშიც სატრანსპორტო კვანძის ფუნქციას ანიჭებს.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარების პროექტებიდან თავისი უნივერსალურობით გამოირჩევა “ტრასეკა”, ის არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელიც “აბრეშუმის გზის” აღდგენის პროექტითაა ცნობილი.

საქართველოს შავი ზღვის პორტებიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფოთის ნავსადგურის სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს, რომელიც მას აკავშირებს უკრაინისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან და უზრუნველყოფს დიდი მოცულობით ტვირთბრუნვას.

საქართველოს სატრანზიტო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბათუმის ნავსადგურს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით. მსოფლიოში პირველად სწორედ ამ ნავსადგურიდან მოხდა ნავთობის ტრანსპორტირება ტანკერ “ამიურექსის” მიერ, რომლის პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო რობერტ ნობელი.

ნავსადგური საავტომობილო და სარკინიგზო გზებით უკავშირდება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რუსეთსა და თურქეთს; აგრეთვე გამოიყენება, როგორც მთავარი სანტრანზიტო ნავსადგური ყაზახეთსა და აზერბაიჯანის ნავთობის გადასამუშავებლად. ბათუმის ნავსადგური საზღვაო გზებით უკავშირდება მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანას.

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალში მნიშვნელოვანი ფუნქცია საჰაერო სივრცესაც აკისრია.

ყოველწლიურად იზრდება სარკინიგზო ტრასპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა, რაც ადასტურებს მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას.

სატრანზიტო ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელია სატრასპორტო სფეროს ინტეგრაცია მსოფლიო სატრასპორტო ინფრასტრუქტურაში. საავტომობილო დარგი ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. საქართველოს 6901.1 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გააჩნია, აქედან 1603 კმ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, 5298.1 კმ კი - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. “ევროპა-კავკასია-აზიის სატრასპორტო კორიდორის” შექმნამ ხელი შეუწყო საქართველოს ინფრასტრუქტურის დახვეწასა და განვითარებას. “ტრასეკა” აქტიურად მუშაობს საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში ევროპასა და აზიას შორის ახალ „აბრეშუმის გზაზე“ ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების სრულყოფაზე.

საქართველო უნიკალური რესურსების მფლობელი ქვეყანაა, მდიდარია მისი ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, საინტერესო და მიმზიდველია ბუნებრივი რესურსებით, მინერალური და მტკნარი წყლებით, ტურისტული ბაზებით და ა.შ., რაც ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა საქართველოს უაღრესად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის მოდერნიზაციის სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შემუშავებული გეოეკონომიკური პოლიტიკის, ქართული ეროვნული თვითმყოფადი სამეურნეო თანაცხოვრების წესებისა და ტრადიციების დაცვის, ქვეყნისთვის სპეციფიკური დარგების განვითარებისთვის მეტი პირობის შექმნის გათვალისწინებით.




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016