ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, VI-VII სს. შიდა ქართლი / მცხეთა, 30 კმ თბილისიდან


ჯვრის მონასტერი - VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით ქართველების გარდა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა შემორჩენილი ეკლესიაში). ჯვრის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. ასეთებია ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი. ჯვრის ტიპი, ე.ი. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. ისინი ერთმანეთისგან გარკვეული თავისებურებებით განსხვავდება, ისევე, როგორც, საერთოდ, განსხვავდება ერთმანეთისგან ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება.



ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, XI ს. ქართლი / მცხეთა, 25 კმ თბილისიდან


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. V საუკუნის II ნახევარში ვახტანგ გორგასალმა წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ ამავე ადგილას ააშენა ბაზილიკა, ხოლო XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შეძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი. სვეტიცხოველი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.



ჯვარგუმბათოვანი ტაძარი,  XII ს. იმერეთი, 259 კმ თბილისიდან


გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამონასტრო და საგანმანათლებლო ცენტრი. მდებარეობს ქ. ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, მდ. წყალწითელას ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს.



არქიტექტურული ანსამბლი - სვანური კოშკები, შუა საუკუნეები. ზემო სვანეთი, 550 კმ თბილისიდან


უშგული - თემი მესტიის მუნიციპალიტეტში. შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში (თემის ცენტრი). უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა 2014 წლამდე. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორნაში 1 მუდმივი მაცხოვრებელი დაფიქსირდა, ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსი ამ სოფელს გადაეცა.




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016