ძვირფასო მეგობრებო!

 

გიწვევთ ჩვენი ულამაზესი და უძველესი ქვეყნის უკეთ გასაცნობად!

ჩვენი კომპანია IGS Travel to Georgia გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას, საინტერესო თემატურ ტურებს, პროფესიონალი გიდების მომსახურებას.

ჩვენი მიზანია შემეცნებით-ინტელექტუალური ტურიზმის განვითარება საქართველოში, ახალგაზრდა თაობისათვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის საქართველოს დაფარული სულიერი საგანძურის გაცნობა, ზიარება ათასწლეულების მანძილზე დაგროვილ სიბრძნესთან, კულტურასთან და ისტორიასთან.

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და შეიმეცნეთ საქართველო მისი უნიკალური ეთნოლოგიით, ეთნოგრაფიულ-მითოლოგიური მსოფლმხედველობით, განსხვავებული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური სიღრმით, რაც არაჩვეულებრივად აისახა უძველეს ქართულ კულტურასა და ისტორიაში.

 

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და შეიცანით საქართველო!



ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებისა მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

მევენახეობა და მეღვინეობა აქ ძვ. წ. VII-VI ათასწლეულიდან იღებს დასაბამს. საქართველოში ყურძნის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. VII-VI ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. VI-V ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი, გარეული ვაზი - კრიკინა (უსურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშია შეტანილი.

მსოფლიოში ცნობილი მუდმივმოქმედი გამოფენა ლონდონში “ვინოპოლისი" იწყებოდა საქართველოს პავილიონით, რომელსაც ერქვა “საქართველო - ღვინის აკვანი”.

ენათმეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ქართულმა ფუძემ "ღვ“, სიტყვიდან „ღვინო", მისცა დასაბამი უცხო ენებში ღვინის აღმნიშვნელი სახელების წარმოქმნას.  

2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ავტორები ატლასისა "მეღვინის ხელოვნება" (ნიუ-იორკი, 1992) ჰიუ ჯონსონი და ჯეიმს ჰოლიდეი, ასევე ღვინის ექსპერტი და ავტორი მსოფლიოში საუკეთესო ღვინის გზამკვლევისა ოზ კლარკი თანხმდებიან, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ქვის ხანაში იმყოფებოდა, როდესაც საქართველოში პირველად გააშენეს ვაზი და მიიღეს ღვინო. ტექსტში, რომელიც თან ერთვის ოზ კლარკის მიერ შედგენილ რუკას, ავტორი ამბობს: "ჯარისკაცებს, გადახიზნულ მოსახლეობას და ვაჭრებს, რომლებსაც გაჰქონდათ ვაზის კალმები შავი ზღვიდან და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, უბრალოდ, უნდოდათ, რაღაც გაეყიდათ და ზოგჯერ დაელიათ ცივილიზებული სასმელი. შედეგად მივიღეთ ღვინოების მრავალფეროვნება მსოფლიოში."

რუკის მიხედვით, საქართველოდან ღვინო პირველად შევიდა სირიაში, შემდეგ ეგვიპტესა და იტალიაში, ხოლო შემდგომ დასავლეთ ევროპაში.

ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და მით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული, საფიქრებელია, რომ ვაზი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ, საიდუმლოსთან ზიარების სიმბოლოდ ითვლებოდა, ვაზის ჯვრად ქცევა კი გაქრისტიანებული ერის უმაღლეს სულიერ ცოდნასთან, ქრისტესთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველოს გარდა არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.




ბანერი

საქართველო და კავკასიონი, დოკუმენტური ფილმი

13 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს შესახებ

აბანოს უღელტეხილი, საქართველო - კავკასიის უმაღლესი სამანქანო უღელტეხილი (2,950 მეტრი)



ASM © 2016